მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება
    Facebook Tweeter Print

2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია სათემო განვითარების ცენტრმა (CDC) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) პარტნიორობით  განახორციელა კვლევა და მოამზადა ანგარიში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ. ანგარიში მოიცავს ქართული და საერთაშორისო  ორგანიზაციების  გამოცდილების ანალიზს, რის საფუძველზეც სახელმწიფო სტრუქტურებს წარუდგენს რეკომენდაციებს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის თაობაზე. წინამდებარე დოკუმენტი ამ ანგარიშის  შემცირებული ვარიანტია. მასში ასახულია კვლევის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები.

ანგარიში მომზადებულია პროექტის „მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება”  ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-pac), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

ორგანიზატორების მიერ პროექტის ინიცირება განაპირობა სამმა ძირითადმა მიზეზმა:  უშუალოდ სიღარიბის პრობლემის სიმწვავემ,  ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების ნაკლებეფექტურობამ და ახალი მთავრობის მიერ მცირე მეწარმეობის, როგორც სიღარიბის დაძლევისა და სოციალიზაციის  ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიმართ ინტერესის გაჩენამ. ასეთი ტიპის სამუშაოს ჩატარებას აქტუალობა შესძინა იმ ფაქტმაც, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ  საქართველოში მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ გამოცდილების გააზრება და  გაზიარება სასარგებლო იქნება სახელმწიფო უწყებების მიერ ამგვარი პროგრამების ეფექტურად განხორციელებისათვის.

კვლევის პროცესში შეირჩა მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების სფეროში მომუშავე ათი ორგანიზაცია, რომელთა წარმომადგენლებთანაც ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები. ანგარიშზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოიყენა პროგრამების პირდაპირ ბენეფიციარებთან (მიკრომეწარმეებთან) ფოკუს-ჯგუფის მეთოდი.  გარდა ამისა, გაანალიზდა საერთაშორისო გამოცდილებაც, რისთვისაც ჩაღრმავებულად აღებულ იქნა პოლონეთის მოდელი. შედეგად, მომზადდა ვრცელი ანგარიში, რომელიც მიეწოდებათ დაინტერესებულ პირებს.

ავტორები იმედოვნებენ, რომ წინამდებარე ანგარიში ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების თვალსაზრისით არსებული გამოცდილების გააზრებას და ასევე დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, უფრო ეფექტურად წარმართონ საკუთარი საქმიანობა ამ მიმართულებით.

 



საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com