ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოების ვიზიტი ერევანში
    Facebook Tweeter Print

2012 წლის 21-23 ივლისს ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოების წარმომადგენლები  და სათემო განვითარების ცენტრის თანამშრომლები (15 მონაწილე) იმყოფებოდნენ ქ. ერევანში და სომხეთის სხვა სოფლებში სასწავლო ვიზიტით.

 

ვიზიტი ითვალისწინებდა სათემო განვითარების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების - ნუკრიანის და ნაფარეულის სოციალური საწარმოების (სახელოსნოების) ქალბატონებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით სომეხ კოლეგებთან შეხვედრებს, ხელნაკეთი სუვენირების დამზადების გამოცდილების გაზიარებას, სუვენირების ასორტიმენტის გამრავალფეროვნების მიზნით.

 

სათემო განვითარების ცენტრის კონსულტანტის  ქ-ნ თამარ გურჩიანის (ტურის ორგანიზატორი) დახმარებით და ადგილობრივი პარტნიორების ქ-ნ კარინე ტასლაკიანის და ბ-ნ კარენ ხაჩატურიანის ჩართულობით, შედგა თემატური და საკმაოდ ინტენსიური სამუშაო პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ერევანში სასუვენირო მაღაზიების და სახელოსნოების დათვალიერება, სტუმრობა სომხეთის ხელნაწერთა მუზეუმში, ფარაჯანოვის მუზეუმში, შეხვედრები ადგილობრივ ხელოვანებთან, ხალხური რეწვის ოსტატებთან;  ჯგუფის წევრებს, გარდა ინდივიდუალური შეხვედრებისა სხვადასხვა ოსტატებთან, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საკვირაო ბაზრობა, სადაც ძველთან ერთად გამოფენილია თანამედროვე ოსტატების ნამუშევრები, სუვენირები, ხალხური რეწვის პროდუქცია.

 

სასწავლო ვიზიტს პოზიტიურად აფასებენ ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოების წარმომადგენლები, მათი შეფასებით ბევრ სიახლეს გაეცნენ და ახალი იდეებიც გაუჩნდათ, რომელთა რეალიზებასაც უახლოეს მომავალში ეცდებიან.

 

სათემო განვითარების ცენტრი, თავის მხრივ ეცდება მიზნობრივი სახელოსნოების თანამშრომლებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პიროვნული განვითარების მხრივ და ამგვარ სასწავლო ტურებს მომავალშიც შესთავაზებს მათ. ჯგუფის წევრ  ქალბატონთა უმრავლესობა საქართველოს გარეთ არასოდეს ყოფილა და მათთვის ეს მოგზაურობა გარდა დიდი გამოცდილებისა, ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება იყო.

 

სასწავლო ტური დაფინანსდა გერმანული ფონდის ,,პური მსოფლიოს’’ მხარდაჭერით, სათემო განვითარების ცენტრის  პროექტის ,,შემოსავლების მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით’’ ფარგლებში. 

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com