მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუეალება
    Facebook Tweeter Print

მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება

 

2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია სათემო განვითარების ცენტრმა (CDC) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) პარტნიორობით  განახორციელა კვლევა და მოამზადა ანგარიში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ. ანგარიში მოიცავს ქართული და საერთაშორისო  ორგანიზაციების  გამოცდილების ანალიზს, რის საფუძველზეც სახელმწიფო სტრუქტურებს წარუდგენს რეკომენდაციებს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის თაობაზე. წინამდებარე დოკუმენტი ამ ანგარიშის  შემცირებული ვარიანტია. მასში ასახულია კვლევის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები.

ანგარიში მომზადებულია პროექტის „მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება”  ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-pac), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

ორგანიზატორების მიერ პროექტის ინიცირება განაპირობა სამმა ძირითადმა მიზეზმა:  უშუალოდ სიღარიბის პრობლემის სიმწვავემ,  ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების ნაკლებეფექტურობამ და ახალი მთავრობის მიერ მცირე მეწარმეობის, როგორც სიღარიბის დაძლევისა და სოციალიზაციის  ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიმართ ინტერესის გაჩენამ. ასეთი ტიპის სამუშაოს ჩატარებას აქტუალობა შესძინა იმ ფაქტმაც, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ  საქართველოში მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ გამოცდილების გააზრება და  გაზიარება სასარგებლო იქნება სახელმწიფო უწყებების მიერ ამგვარი პროგრამების ეფექტურად განხორციელებისათვის.

კვლევის პროცესში შეირჩა მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების სფეროში მომუშავე ათი ორგანიზაცია, რომელთა წარმომადგენლებთანაც ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები. ანგარიშზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოიყენა პროგრამების პირდაპირ ბენეფიციარებთან (მიკრომეწარმეებთან) ფოკუს-ჯგუფის მეთოდი.  გარდა ამისა, გაანალიზდა საერთაშორისო გამოცდილებაც, რისთვისაც ჩაღრმავებულად აღებულ იქნა პოლონეთის მოდელი. შედეგად, მომზადდა ვრცელი ანგარიში, რომელიც მიეწოდებათ დაინტერესებულ პირებს.

ავტორები იმედოვნებენ, რომ წინამდებარე ანგარიში ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების თვალსაზრისით არსებული გამოცდილების გააზრებას და ასევე დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, უფრო ეფექტურად წარმართონ საკუთარი საქმიანობა ამ მიმართულებით.

 

 

მთავარი დასკვნები

 

მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი ს ე.წ.  სტარტაპ (საწყისი) გრანტები  საქართველოში დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფების დასაქმებისა და შემოსავლების მაჩვენებლების ზრდის ეფექტური ინსტრუმენტია. პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და ბენეფიციარების შეფასებით:

  • მცირე ბიზნესის განვითარების საგრანტო პროგრამები საწყისი კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდის ეფექტური  ინსტრუმენტია, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობისათვის,  სადაც, მიკროსაფინანსო სფეროში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს  და სესხი ბიზნესის წამოწყების საწყის ეტაპზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო არ განიხილება, როგორც მიკროგრანტის ალტერნატივა.
  • სტარტაპ გრანტები სესხების ხელმისაწვდომოის გაზრდის წინაპირობაცაა, რადგან  მიკროსაფინანსო პროგრამების წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ბენეფიციარების გამოცდილება და კომპეტენციები, საწყისი ეკონომიკური და სოციალური კაპიტალი. ამ თვალსაზრისით სტარტაპ გრანტი ბენეფიციარების მომზადების ეფექტური საშუალებაა, რომელიც ზრდის მიკროსაფინანსო პროგრამებში ჩართვის მოტივაციასა და ამ პროგრამებში  წარმატების ალბათობას. 
  • სტარტაპ გრანტი ეფექტურად მუშაობს საქართველოში, როგორც ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ინსტრუმენტი.  იგი ხელს უწყობს მეწარმეობისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნის მიღებას, ისევე როგორც ამ ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცებას. ეს კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ საბჭოთა კავშირში ფორმალური განათლების სისტემის სასწავლო გეგმები არ ითვალისწინებდა მეწარმეობისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენეციების განვითარებას, მოწყვლადი ჯგუფების (განსაკუთრებით უფროსი ასაკის მოსახლეობის) ჩართულობა კი უმაღლეს აკადემიურ და პროფესიულ განათლებაში დღეისათვის მცირეა.
  • დონორებისა და ბენეფიციარების უკუკავშირის თანახმად, სტარტაპ გრანტები, ასევე, ხელს უწყობს სოფლად თემის გაძლიერებას - სამუშაო ადგილების შექმნას, სერვისების და საქონლის ხელმისაწვდომობას.
  • სტარტაპ გრანტების ეკონომიკურ ეფექტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამების სოციალური ეფექტი:

ü  პროგრამები  ხელს უწყობს ადამიანების მობილიზებას (ორგანიზებას, სტიმულირებას) მეწარმეობისათვის და მათ მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმას.

ü  მეწარმეობა ცვლის თვითშეფასებას და ზრდის საკუთარი თავის იმედს და პოზიტიურად აისახება რისკის აღქმაზე. პოზიტიური მაგალითი  მნიშვნელოვანია შრომითი მოტივაციის შემდგომი ამაღლებისათვის;

ü  პროგრამები ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალური კავშირების გამდიდრებას;

ü  სტარტაპ გრანტები ხელს უწყობს სოციალური როლების სტრუქტურის ცვლილებას, გენდერულ თანასწორობას, ბენეფიციარების სოციალური  სტატუსის ამაღლებას, როგორც თემში, ისე ოჯახში. 

ü  სტარტაპ გრანტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად მეწარმის, არამედ ოჯახის წევრების დასაქმების თვალსაზრისით;

ü  პროგრამის მონაწილეთა წარმატება მაგალითია სხვებისათვის. თუმცა ასეთი შემთხვევები, შესაძლოა, თემში შურისა და კონფლიქტის  მიზეზიც გახდეს.

მიუხედავად ამ ტიპის პროგრამების პოზიტიური ეფექტისა, დონორები და ბენეფიციარები  შედეგების გაანალიზებისას გარკვეულ შეზღუდვებსაც აღნიშნავენ:

  • დაფინანსებული ბიზნესპროექტების საშუალოდ ნახევარზე მეტს გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემები ექმნება მდგრადობის თვალსაზრისით;
  • ხშირ შემთხვევაში დაფინანსებული ბიზნესპროექტები წლების შემდეგ იმავე სახისაა და ნაკლებად ვითარდება;
  • მიკრო ბიზნესპროექტების განვითარების პერსპექტივები დიდად არის დამოკიდებული ცალკეულ სუბიექტებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და კოოპერაციაზე, თუმცა ცალკეულ პროექტებს შორის თანამშრომლობის მაგალითები ცოტაა ან საერთოდ არ არის.

მიკრომეწარმეობის მხარდამჭერი სტარტაპ გრანტების ეფექტურობის შემაფერხებელ ფაქტორებად სახელდება:

  • პოტენციურ ბენეფიციართა დაბალი მზაობა, ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობა - მეწარმეობაში გამოცდილების არქონის პირობებში პოტენციური ბენეფიციარები არასწორად აფასებენ რისკებს, მოსალოდნელ სარგებელს და საკუთარ შესაძლებლობებს.
  • არასაკმარისი კაპიტალიზაცია - რის შედეგადაც იზრდება ბიზნესის ჩავარდნის რისკები, ხოლო დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონე ბენეფიციარებში მცირდება ბიზნესში რეინვესტირების ალბათობა.
  • ბაზარზე დარგობრივი კომპეტენციების განმავითარებელი პროგრამების პროვაიდერების ნაკლებობა და, კერძოდ, ნაკლები კავშირი ფორმალური განათლების სისტემასთან, რაც აფერხებს საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურობასა და ეფექტიანობას.
  • მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ინიციატივების ნაკლები კავშირი სამიზნე რეგიონის ან თემის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიასთან, ისევე როგორც ადგილებზე არსებულ საჭიროებებთან.
  • სოციალური დახმარების პაკეტების სიხისტე - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობას ხშირად აფერხებს ის ფაქტი, რომ  მათ ანგარიშზე ფულის დარიცხვისთანავე ბენეფიციარებს უუქმდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

 რეკომენდაციები                     

 

რეკომენდაციები სისტემური ხასიათისაა და განკუთვნილია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუტებისა და მთავრობისათვის. 

წარმოდგენილი რეკომენდაციები ეფუძნება იმ  მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს მიკრომეწარმეობის განვითარებაში და ხელი შეუწყოს მოქალაქეთა სამეწარმეო აქტივობას. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სამართლებრივი და საგადასახადო რეგულაციების შექმნას, არამედ მიკრომეწარმეობის წამახალისებელი კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებასაც. წარმოდგენილი რეკომენდაციები გამომდინარეობს ზემოთ აღწერილი კვლევის დასკვნებიდან და შედეგებიდან:

 1.    მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო ჩარჩო-მექანიზმის შექმნა

 

  • უმთავრესი შეთავაზებაა, შეიქმნას მიკრომეწარმეობის წახალისების სახელმწიფო ჩარჩო-მექანიზმი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის ცალკეული სახელმწიფო პროგრამების ეფექტურ განხორციელებას;

 

  • მექანიზმი უნდა მოიცავდეს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის ძირითად სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს, პრიორიტეტულ მიზნობრივ ჯგუფებს, პროგრამების მთავარ მიდგომებს და განხორციელების გზებს, ასევე მიკრომეწარმეობის პროგრამების მქონე სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პრინციპებს;

 

  • მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთმა სახელმწიფო უწყებამ შეითავსოს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის ყველა პროგრამის მონაცემების მოგროვების, ეფექტურობის კვლევის და პოლიტიკის შეფასების ფუნქცია. ეს ხელს შეუწყობს პროგრამების მუდმივ სრულყოფას და მეწარმეობის წახალისების პოლიტიკის განვითარებას;

 

  • მიკრომეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პრინციპულია ბიზნესის მართვის საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მიკრომეწარმეების უზრუნველყოფა საწყისი კაპიტალით (გრანტის ან სუბსიდირებული კრედიტის სახით) და შესაბამისი სასწავლო თუ საკონსულტაციო დახმარებით. შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ ჩარჩო-მექანიზმი ამ კომპონენტებს ითვალისწინებდეს;

 

  • ძალზე ეფექტური იქნება მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება მუნიციპალურ დონეზე. ამიტომ რეკომენდებულია, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ადგილზე განახორციელონ სახელმწიფო უწყებების პროგრამები.

 

 2.    მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება

 

  • მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა უნდა ხორციელდებოდეს ჩარჩო-მექანიზმზე დაყრდნობით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ინიცირებული პროგრამების სახით;

 

  • ყოველი პროგრამა კონკრეტულად უნდა განსაზღვრავდეს მიზნობრივი ჯგუფებს, მოქმედების გეგმას და მოსალოდნელ შედეგებს. ასევე, უნდა ითვალისწინებდეს  მონიტორინგისა და შეფასების გამართულ სისტემასაც, რომელიც  უზრუნველყოფს პროგრამების მდგრადი ეკონომიკური (დასაქმება, შინამეურნეობის შემოსავლის ზრდა, წილი მთლიან შიდა პროდუქტში) და სოციალური (სამეწარმეო აქტივობა, თვითშეფასება, კმაყოფილება ცხოვრებით ) შედეგების გაზომვას;

 

  • პროგრამები, შესაძლოა, ხორციელდებოდეს შესაბამისი უწყების მიერ გარედან შესყიდული მომსახურების გზით, კერძოდ, საპროექტო წინადადებების კონკურსით, რომელშიც მონაწილეობის უფლება ექნებათ, როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტებს;

 3.    გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა საზოგადოებრივ სექტორთან

 

  • რეკომენდებულია, რომ მიკრომეწარმეობის პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო სტრუქტურებმა ითანამშრომლონ ქართულ საზოგადოებრივ და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ ამგვარი პროგრამების განხორციელების გამოცდილება. თანამშრომლობა, შესაძლოა, გულისხმობდეს, როგორც გამოცდილების გაცვლას, ასევე ამ ორგანიზაციების მონაწილეობას პროგრამების განხორციელებაში;

 

 4.    სამეწარმეო უნარების სწავლება

 

  • გრძელვადიანი შედეგებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ზოგადი განათლების პროგრამებში მეწარმეობის უნარ-ჩვევების სწავლებას   და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას. ამ მიზნით, პირველ რიგში, რეკომენდებულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს სპეციალური სამოქმედო გეგმა და მოიძიოს შესაბამისი რესურსები;

 

  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ბიზნესის წარმოების საბაზისო უნარების სწავლება ზრდასრული მოსახლეობისათვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი ენიჭება ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროგრამებს. რადგან ქვეყანაში არ არსებობს ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ერთიანი პოლიტიკა, პირველი რიგის პრიორიტეტად გვესახება  სახელმწიფო ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება ამ მიმართულებით.

 

ანგარიშის სრული ვერსია მალე გახდება ხელმისაწვდომი.

კვლევა ჩაატარეს: თამარ ბრეგვაძემ (CTC), ბესო სულაბერიძემ (CTC) და ტატო ხუნდაძემ (CDC)

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com