დოკუმენტური ფილმი - ინიციატივა ცვლილებისათვის
    Facebook Tweeter Print

2015-2016 წლებში სათემო განვითარების ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „თანამშრომლობა ძლიერი სოფლისათვის“. პროექტი ითვალისწინებდა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე, საქართველოს რეგიონებში თემის თვითორგანიზებისა და თვითმოქმედების მაგალითების კვლევას და სათემო განვითარების იმდროინდელი გამოცდილების წინ წამოწევას.

პროექტის ფარგლებში მკვლევრებმა შეისწავლეს 20 ისტორიული მაგალითი და გამოიცა ორტომეული წიგნი სათაურით „ინიციატივა ცვლილებისათვის - თემის თვითორგანიზების გამოცდილება საქართველოში 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე“. 

პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდა პუბლიკაციის პრეზენტაციები და თანმდევი დისკუსიები საქართველოს რეგიონებში.
კვლევამ საკმაო დაინტერესება გამოიწვია. 2016 წელს ორივე ტომი ხელახლა გამოიცა და მათზე დღემდე დიდი მოთხოვნაა.

ვფიქრობთ, პოზიტიური მაგალითების წინ წამოწევა იმედს აჩენს მოსახლეობაში, რომ ის, რა დღეს ასე უცხოდ გვეჩვენება, სინამდვილეში ჩვენი კულტურის ნაწილიც იყო და რომ არა მძიმე პოლიტიკური მოვლენები, რომელთაც რადიკალურად  შეცვალეს ქვეყნის ბუნებრივი განვითარება, საქართველოს დღეს თავიდან არ მოუწევდა ისეთ პრობლემებზე მუშაობა, როგორებიცაა რეგიონული განვითარება, რეალური დეცენტრალიზაცია, თემის მობილიზაცია, თვითმოქმედება და სამოქალაქო ჩართულობა. 

წიგნისადმი არსებული ინტერესიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა კვლევის მასალებზე დაყრდნობით მომზადდეს დოკუმენტური საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის ფილმი. დაახლოებით 35-40 წუთიანი ფილმში ასახვას ჰპოვებს, თვითორგანიზების უკვე გამოკვლეული რამდენიმე მაგალითი სიღრმისეულად და ასევე მიმოხილული იქნება სხვა მაგალითებიც; ამით ნაჩვენები იქნება, როგორც იმ პერიოდის განვითარების ტენდენციები, ასევე სამოქალაქო აქტიურობის მასშტაბი და ფორმები. ფილმი ასევე აჩვენებს სათემო თვითორგანიზების დღევანდელ მაგალითებს.

პროექტი ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება. 


დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა 2018 წლის გაზაფხულამდე დასრულდება.



Contact information

  • 20, Galaktioni st., 0105 Tbilisi Georgia
  • Tel.: (+995 32) 299 83 22
  • Fax: (+995 32) 299 72 61
  • E-mail: satemocdc@gmail.com